რა არის ჭინჭრის ციება და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

ვარდისფერი, წამოწეული ლაქები ბავშვის სხეულზე… ასობით ფიქრი გონებაში – რა შეიძლება იყოს მიზეზი?! ძალიან ხშირად კანზე ვარდისფერი ლაქების გაჩენის მიზეზი ჭინჭრის ციებაა. ჭინჭრის ციება – ქავილი, ვარდისფერი, კანს ზემოთ ამოწეული გამონაყარი. იგი შეიძლება გაჩნდეს მრავალი პატარა ლაქების ან ერთმანეთში გაერთიანებული ამობურცვების სახით სხეულის ნებისმიერ ნაწილზე. გამონაყარი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათის ან კვირის განმავლობაშიც კი. თავდაპირველი […]

ვარდისფერი, წამოწეული ლაქები ბავშვის სხეულზე… ასობით ფიქრი გონებაში – რა შეიძლება იყოს მიზეზი?! ძალიან ხშირად კანზე ვარდისფერი ლაქების გაჩენის მიზეზი ჭინჭრის ციებაა.

ჭინჭრის ციება – ქავილი, ვარდისფერი, კანს ზემოთ ამოწეული გამონაყარი. იგი შეიძლება გაჩნდეს მრავალი პატარა ლაქების ან ერთმანეთში გაერთიანებული ამობურცვების სახით სხეულის ნებისმიერ ნაწილზე. გამონაყარი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათის ან კვირის განმავლობაშიც კი. თავდაპირველი გამონაყარი ნელ-ნელა ქრება და მათ ნაცვლად ჩნდება ახალი. აქედან გამომდინარე, გამოყოფენ ჭინჭრის ციების მწვავე და ქრონიკულ ფორმას. მწვავე ჭინჭრის ციება გრძელდება არა უმეტესი ექვსი კვირისა, მაშინ როცა ქრონიკული ნარჩუნდება ექვს კვირაზე მეტ ხანს.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ჭინჭრის ციება შეიძლება გამოწვეული იყოს არა მხოლოდ ალერგიული რეაქციით, არამედ ძლიერი სიცივის ან სიცხის ზემოქმედებით, მედიკამენტებით, სტრესის შედეგად, ინფექციით ან ქრონიკული დაავადებით. არის შემთხვევები, როცა ჭინჭრის ციებას თან ახლავს ანგიონევროზული შეშუპება – შეშუპება თვალებისა და ტუჩების ირგვლივ, ასევე ხელების, ფეხებისა და სასუნთქი გზების შეშუპება.

ხშირ შემთხვევაში, ჭინჭრის ციების გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ ყველაზე ხშირად ის ასოცირდება ალერგიულ რეაქციასთან საკვებზე, მედიკამენტებზე, შინაურ ცხოველებზე, მცენარის მტვერზე, მწერების ნაკბენზე.

ცხრილში ჩამოთვლილია რამდენიმე სხვა მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჭინჭრის ციება ბავშვებში.

მედიკამენტები და ქიმიური ნივთიერებები – სალიცილატები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, პენიცილინი, ვიტამინები, საკვები დანამატები

საკვები პროდუქტები – თხილი, კენკრა, თევზი, ზღვის პროდუქტები, ბანანი, ყურძენი, პომიდორი, კვერცხი, ყველი და ა.შ.

კონტაქტური ნივთიერებები  – მატყლი, აბრეშუმი 

კოსმეტიკური საშუალებები – საღებავი, თმის ლაქი, ფრჩხილის ლაქი, პირის ღრუს სავლები საშუალებები, კბილის პასტა, სუნამო, ხელის კრემი, საპონი

ფიზიკური ფაქტორები – სინათლე, ატმოსფერული წნევა, სიცხე, სიცივე, წყალი, ვიბრაცია

საინჰალაციო ალერგენებ-ცხოველები, მცენარის მტვერი

ინფექციები – სტომატოლოგიური ინფექციები, სინუსიტი (პარანასალური სინუსების ლორწოვანი გარსის ანთება), შუა ოტიტი (ყურის ანთება)

სოკო და სხვა პარაზიტები – Candida გვარის საფუარის სოკო, სკაბები, ჰელმინთები

როგორ მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს აქვს ჭინჭრის ციება? ამ ტიპის გამონაყარს აქვს საკმაოდ დამახასიათებელი გარეგნობა, ამიტომ მათი ამოცნობა ადვილია. გამონაყარი არის ვარდისფერი, კანის ზედაპირიდან ამობურცული, უფრო ფერმკრთალი ცენტრით, შეიძლება დაჯგუფდეს, სწრაფად შეიცვალოს ფორმა და ლოკალიზაცია. რაც შეეხება ზომას, ის შეიძლება იყოს რამდენიმე მილიმეტრი დიამეტრის ან ხელისგულის ზომის. ბავშვი უჩივის ქავილს, ჩხვლეტას ან წვას გამონაყარის არეში.

ანგიონევროზული შეშუპების ამოცნობა შესაძლებელია კანისა და კანქვეშა ქსოვილის ღრმა ფენების სწრაფი შეშუპებით, რაც ხშირად მტკივნეულია, მაგრამ არ ახასითებს ქავილი. ყველაზე ხშირად შეშუპება ხდება თვალებისა და ტუჩების ირგვლივ, ასევე შუპდება ფეხები და ხელისგულები. უფრო მძიმე შემთხვევებში, შეშუპებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სასუნთქ გზებზე, რაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა.

დიაგნოზისთვის უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს, ალერგოლოგს ან პედიატრს, რომელთაც ხშირად, გამონაყარის გარეგნობიდანვე შეუძლიათ დაადასტურონ ჭინჭრის ციების არსებობა. მისი გამომწვევი მიზეზის დასადგენად, ექიმი დასვამს კითხვებს გადატანილი დაავადებების შესახებ, შესაძლო ალერგენებზე, სტრესის ყოველდღიურ წყაროებზე. თუ ბავშვს აქვს ქრონიკული ჭინჭრის ციება, ყველაზე ხშირად საჭირო იქნება დღიურის წარმოება, სადაც ყოველდღე აღინიშნება ბავშვის ყველა ქმედება და აქტივობა, დღის განმავლობაში მიღებული საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, გამონაყარის მახასიათებლები. ბავშვს ჩაუტარდება დიაგნოსტიკური ტესტები, როგორიცაა სისხლის ანალიზები, სპეციფიური ალერგიის ტესტები და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი გამოკვლევები ნებისმიერი სხვა დაავადების გამოსარიცხად.

ჭინჭრის ციების სიმპტომები ხშირად თავისთავად ქრება, თუმცა იმისათვის, რომ ბავშვმა თავი უკეთ იგრძნოს, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომელთა მეშვეობით ირღვევა ჰისტამინის მოქმედება ორგანიზმში, რითაც მცირდება სიმპტომების ინტენსივობა – ცხვირის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი, ცრემლდენა. ქრონიკული ჭინჭრის ციების დროს მათი მიღება შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

უნდა აღინიშნოს რომ ალერგიასთან საბრძოლველად დაგეხმარებათ არა მარტო მედიკამენტები

  • განსაკუთრებული მიზეზების არ არსებობს შემთხვევაში, ბავშვმა უნდა იკვებოს ძუძუთი მინიმუმ პირველი 6 თვის განმავლობაში. ნაჩვენებია, რომ ალერგია ნაკლებად ხშირია ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში და ასევე არსებობს საშუალება შემცირდეს უკვე არსებული სიმპტომები. თუ ძუძუთი კვება შეუძლებელია ან უკუნაჩვენებია, აუცილებელია გულდასმით შეირჩეს ბავშვისთვის მისაცემი ხელოვნური საკვები. საჭიროების შემთხვევაში უმჯობესია მიმართოთ ექიმს.
  • თუ შესაძლებელია, 6 თვემდე ბავშვი უნდა იკვებოს ძუძუთი ან 4 თვიდან კვებას დაემატოს მსუბუქი ფაფები გლუტენის გარეშე. ძალიან ადრეული ასაკიდან სხვადასხვა საკვებით კვებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგია. დამატებითი საკვების დაწყებისას გახსოვდეთ, რომ ახალი საკვების მიცემა ხდება რამდენიმე დღის ინტერვალით და მცირე ულუფებით, რათა დააკვირდეთ აქვს თუ არა ბავშვს ალერგიული რეაქცია. ძროხის რძე, კვერცხი, ციტრუსები, არაქისის კარაქი არის საკვები პროდუქტები, რომელიც უმჯობეისა არ იქნას გამოყენებული სიცოცხლის პირველი 6-12 თვის განმავლობაში.
  • სახლი რეგულარულად უნდა დასუფთავდეს, რათა შემცირდეს მტვრის ტკიპების რაოდენობა. დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში ცხოველები არ უნდა იყოს სახლში. ოთახი უნდა ნიავდებდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული ობი. აუცილებელია შემცირდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული ქიმიკატების რაოდენობა, ასევე უნდა შეირჩეს ალერგოლოგის ან ოჯახის ექიმის მიერ რეკომენდებული, ნაკლებად გამაღიზიანებელი საშუალებები
  • რეკომენდირებულია ბამბის ტანსაცმლის გამოყენება, მოერიდეთ სინთეთიკურ ქსოვილებს.
  • აუცილებელია უარი თქვათ თამბაქოს მოხმარებაზე, განსაკუთრებით ბავშვის თანდასწრებით.